English / ქართული / русский /
ლეილა მამულაშვილიმაკა სოსანიძე
შიდა ქართლის რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განვითარების პრობლემები

ანოტაცია. ნაშრომში მოცემულია რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა თანამედროვე ეტაპზე. ასევე განხილულია შიდა ქართლის მხარის ეკონომიკური აქტივობა, რეგიონის ბუნებრივი პირობები, შემოსავლების ძირითადი წყაროები, მრეწველობის განვითარების ძირითადი ხელის შემშლელი პრობლემები, რეგიონის ტურისტული პოტენციალი, ასევე ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს რეგიონის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას.

საკვანძო სიტყვები: რეგიონი, დასაქმება, შემოსავლები, ეკონომიკა, სტრატეგია

შესავალი

საქართველოს მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე განვლილი პერიოდი როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად  რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე იყო.  ეკონომიკა შორს აღმოჩნდა უსაფრთხო განვითარების აუცილებელი მინიმალური ზღვრული მაჩვენებლებისაგან. მან ფაქტობრივად დაკარგა გაფართოებული კვლავწარმოების და თვითგანვითარების უნარი. საქართველო თავისი ეკონომიკური განვითარების დონით მნიშვნელოვნად ჩამორჩა აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის და დსთ-ს ქვეყნებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მაღალგანვითარებულ ევროპულ ქვეყნებზე. დღეისათვის საქართველოში ეკონომიკის განვითარების დონე სასურველისაგან შორსაა. დაბალია საქმიანი აქტიურობა, მაღალია უმუშევრობის დონე, გაზრდილია ინფლაცია. ინფლაცია და სამომხმარებლო ფასების ზრდა წარმოადგენს მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის გაუარესების ძირითად ფაქტორს. ყოველივე ეს აისახება ქვეყნის რეგიონულ განვითარებაზე. ნაშრომში ნაჩვენებია შიდა ქართლის  რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განვითარების პრობლემები.

* * *

შიდა ქართლის რეგიონს ხელსაყრელი სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა უკავია, კერძოდ: დედაქალაქთან სიახლოვე, საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალისა და სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მთავარი ხაზის განლაგება.  რეგიონის ბუნებრივი პირობები საკმაოდ  მდიდარია, რაც სასურველ პირობებს ქმნის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობისთვის. რეგიონში წარმოდგენილი ხშირი ჰიდროქსელი მდინარე მტკვრის აუზს ეკუთვნის, ეს უკანასკნელი კი რეგიონის მთავარი საწყლოსნო არტერიაა. რეგიონის ტერიტორიაზე განლაგებული ბუნებრივი ზონები ხასიათდება მრავალფეროვანი ნიადაგებით, საკმაოდ მდიდარი ფლორითა და ფაუნით.

1990-იანი წლების დასაწყისში, ამ მხარეში წარმოქმნილი ეთნიკურ-პოლიტიკური კონფლიქტების შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა ფაქტობრივი კონტროლი შიდა ქართლში შემავალი ტერიტორიების  ნაწილზე, რაც   უარყოფითად აისახა რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პერსპექტივებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუღწევადობის, კონფლიქტისპირა ტერიტორიებზე უსაფრთხოების სირთულეებისა და ეკონომიკური აქტივობის უკიდურესი შეზღუდულობის გამო.

შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობა  2013 წელს 313 500 ადამიანს შეადგენდა, 2016 წელს ეს ციფრი 263 800-მდე შემცირდა. სავარაუდოდ, მოსახლეობის რაოდენობრივი შემცირება შიდა და გარე მიგრაციამ გამოიწვია. საქართველოში სულ 250,658 დევნილია, რომელთაგან 14,298 შიდა ქართლში ცხოვრობს, რაც ქვეყანაში  დევნილთა 5.7% და რეგიონის მოსახლეობის 4.5%-ს შეადგენს. დევნილთა უდიდესი ნაწილი (თითქმის 70%) გორის მუნიციპალიტეტში და  ქალაქ გორში ცხოვრობს. დევნილთა სოციალურ- ეკონომიკური ინტეგრაცია რეგიონის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს. რეგიონში საკმაოდ მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა. წლების განმავლობაში უმნიშვნელოდ გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა, გაზრდილი უმუშევრობის დონე იწვევს შრომით მიგრაციას. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა კი უშუალოდ არის დამოკიდებული ბიზნესსექტორის, ეკონომიკის მწარმოებლური დარგების   განვითარებაზე. განსაკუთრებული როლი აღნიშნულ  პროცესში საშუალო და მცირე ბიზნესს ენიჭება.

რეგიონში შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს შემოსავლები სოფლისმეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან, ასევე, არაფულადი შემოსავლები, ანუ საკუთარი წარმოების კვების პროდუქტების მოხმარება.  რეგიონის შინამეუნეობების ფულად შემოსავლებში მაღალია უცხოეთიდან მიღებული გზავნილებისა და ახლობლებისაგან მიღებული დახმარებების მოცულობა. რეგიონში დასაქმებულთა მთლიანი რიცხვიდან თვითდასაქმებულთა წილი 77% შეადგენს, რაც სოფლის მოსახლეობაში წვრილ გლეხურ (საოჯახო) მეურნეობებში დასაქმებულთა წილს ასახავს. ამის შედეგად შიდა ქართლის დასაქმების, აქტივობისა და უმუშევრობის დონის მაჩვენებლები შედარებით უფრო მაღალია, ვიდრე საშუალოდ საქართველოს ანალოგიური მაჩვენებლები.

შიდა ქართლში მაღალია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის (დაახლოებით 20%),  მათ შორის უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა (8%-ზე მეტი) ხვედრითი წილი. ასეთი ვითარება რეგიონში, გარკვეულწილად, დევნილთა დიდი რაოდენობით შეიძლება აიხსნას.  რეგიონში ყველა სამედიცინო და სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე მუნიციპალიტეტებში ხორციელდება ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგრამებიც.

შიდა ქართლის მხარის ეკონომიკური აქტივობა ძირითადად შემდეგი დარგების საფუძველზე ხდება: სოფლის მეურნეობა (აგროწარმოება), მრეწველობა, ტურიზმი, ვაჭრობა (კომერცია), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, მშენებლობა (გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ჩათვლით) და სხვა.  შიდა ქართლში კაპიტალის შემოდინება და ინვესტიციების ბაზარი, ბევრი სხვა სეგმენტის მსგავსად, 2006 წლიდან (29.1 მლნ ლარი) 2008 წლამდე (118.9 მლნ ლარი) მნიშვნელოვნად გაიზრდა, ხოლო ომის შემდგომ პერიოდში კი მკვეთრი დაცემის ტენდენციით გამოირჩა. აღნიშნულის უმთავრეს მიზეზს   2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი  წარმოადგენს.

შიდა ქართლის რეგიონში მრეწველობა არ გამოირჩევა განვითრების მაღალი დონით, არც დარგების მრავალფეროვნებით, დასაქმებულთა რაოდენობით და  პროდუქციის გამოშვების მოცულობით.  სასაქონლო სტრუქტურის მიხედვით რეგიონის მრეწველობის მიერ წარმოებული პროდუქცია ძირითადად იყოფა ორ ნაწილად: კვების პროდუქტები და სამშენებლო მასალები. თავისი მნიშვნელობით რეგიონში გამოირჩევა მრეწველობის ისეთი საწარმოები როგორიცაა: ქ. გორში: შპს ,,ჯეოკონცენტრატი“, შპს ,,ფორტე“, სს ,,დილა“, საკონსერვო ქარხანა ,,კულა’’ და სხვა; კასპში:  ,,საქცემენტის კასპის ქარხანა“, ,,ნატურალპროდუქტი“ (აგურის წარმოება) და სხვა; დაბა აგარაში ,,შაქრის ქარხანა“.

მიმდინარე ეტაპზე შიდა ქართლის რეგიონში მრეწველობის განვითარების ძირითად ხელის შემშლელ პრობლემებს წარმოადგენს: ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი, მაღალი საბანკო პროცენტები კრედიტებზე, მოსახლეობის დაბალი შემოსავლები, კონფლიქტის ზონასთან სიახლოვე. თუმცა არსებობს დადებითი მხარეებიც, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლებელი იქნება ინვესტიციების მოზიდვა და ადგილობრივი კაპიტალის დაბანდების ზრდა. მრეწველობის განვითარების საქმეში დადებით მხარეებად შეიძლება ჩაითვალოს იაფი სამუშაო ძალა, ავტო და სარკინიგზო მაგისტრალებთან სიახლოვე, შედარებით იაფი და მრავალფეროვანი მიწის რესურსი, ეფექტური მენეჯმენტის განხორციელება, ლიბერალური საგადასახადო საკანონმდებლო გარემოს შექმნის შესაძლებლობა და სხვა.

შიდა ქართლი  საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია. მისი მნიშვნელობა საქართველოს მასშტაბით გამორჩეულია მეხილეობის თვალსაზრისით. რეგიონი ყოველთვის განსაკუთრებულად გამოირჩეოდა ვაშლის წარმოებით. ხილის უმეტესი სახეობების წარმოების მოცულობის მიხედვით შიდა ქართლის რეგიონი პირველ ადგილზეა ქვეყანაში; კაკლის წარმოებით ჳჳ ადგილზეა,  ყურძნის წარმოებით ჳვ ადგილზე, ხოლო ბოსტნეულის წარმოებით  ჳჳ ადგილზეა.

აუცილებელია აღინიშნოს შიდა ქართლის ტურისტული პოტენციალიც,  რაც ამ მხარეში არსებულ კულტურულ-ისტორიული თუ რელიგიური ღირებულების მქონე ძეგლების სიმრავლეს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, რეგიონის გრძელვადიანი განვითარებისათვის ტურისტული პოტენციალი განიხილება, როგორც მისი ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი სფერო. ბოლო წლების დინამიკის მიხედვით შიდა ქართლის რეგიონში ტურისტებისა და ვიზიტორების ნაკადები საგრძნობლად არის გაზრდილი, რაც დადებით ტენდენციას წარმოადგენს. ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობის მატების განმაპირობებელ ფაქტორთა შორის აღსანიშნავია რეგიონულ დონეზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების  ღონისძიებები, ზოგადად კრიმინალური მდგომარეობის  გაუმჯობესება, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება მსოფლიოს წამყვან მედიაში და სხვ. ასევე მნიშვნელოვანია შიდა ქართლის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაც, კერძოდ, დაბალია კოორდინაციის ხარისხი დედაქალაქში მოქმედ ტურისტულ სააგენტოებსა და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში არსებული ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს შორის; ტურისტული ინფრასტრუქტურა საჭიროებს უკეთეს განვითარებას; სასურველია ობიექტების დათვალიერებაზე დაწესებული ტარიფების შემცირება; ტურისტული ობიექტებზე  სისუფთავის დაცვის გაძლიერება.         

რეგიონს საკმაოდ დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, თუმცა საჭიროა სწორი ტურისტული ნიშის პოვნა და კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების განვითარება და შეთავაზება. რეგიონში შესაძლებელია უკეთ განვითარდეს სამკურნალო ტურიზმი, ეკოტურიზმი, აგროტურიზმი, კულტურულ-შემეცნებითი ტურიზმი, აქტიური და ექსტრემალური ტურიზმი. ტურიზმის განვითარება, თავის მხრივ, შემოსავლების ზრდისა და მოსახლეობის დასაქმების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს. სასურველია ტურიზმისათვის აუცილებელი მეტი კვებისა და დასვენების ობიექტების _ პუნქტების, კერძო საოჯახო სასტუმროების შექმნა, ყველა კულტურულ ძეგლთან ტურისტული ცენტრების შექმნა, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების საშუალებას წარმოადგენს და დამატებით სტიმულს ქმნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და გასაღებისათვის.

შიდა ქართლის რეგიონში მომსახურების სფეროს მდგომარეობა   დამაკმაყოფილებელი არ არის, რაც პირდაპირ აისახება ტურიზმისა და რეკრეაციის  განვითარების  დაბალ  დონეზე.  აღსანიშნავია,  რომ  რეგიონი  განიცდის გართობისა და დასვენების ობიექტების დეფიციტს. გამომდინარე აქედან, ხშირია შემთხვევა, როდესაც ტურისტი რომელიმე ობიექტების ხანმოკლე დათვალიერების შემდეგ კვლავ თბილისში ბრუნდება, არა მხოლოდ ღამის გასათევად, არამედ გართობის მიზნითაც კი. რადგან უცხოელი ტურისტები ვერ პოულობენ სხვადასხვა ტიპის გასართობ ობიექტებს (მაგ., კაფეებს, ღამის კლუბებს, გასართობ ცენტრებს და სხვ.).  ხშირად ტურისტებს  ნაკლებად აქვთ  შიდა  ქართლის  რეგიონში  ღამის  გათევის  სურვილი  და  ამდენად  ისინი  მხოლოდ `ტრანზიტულ“  ვიზიტორებად  გვევლინებიან,  რაც,  თავის  მხრივ,  ამცირებს  ტურისტების მხრიდან რეგიონში ფინანსების ხარჯვის შესაძლებლობას.

ბიზნესსაქმიანობის სფეროს თვალსაზრისით, შიდა ქართლში მოქმედი კომპანიებიდან ყველაზე მეტი ვაჭრობის სექტორსა (41%) და კვების მრეწველობაში (12%) ფუნქციონირებს. შიდა ქართლის მხარეში მრეწველობა ძირითადად მცირე და საშუალო საწარმოების სახით არის წარმოდგენილი.  მუდმივი ტექნიკური და ტექნოლოგიური პროგრესი გავლენას ახდენს თანამედროვე წარმოებაზე და აჩენს არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიის განახლების აუცილებლობას. კონკურენტუნარიანი წარმოება წარმოუდგენელია შედარებით მოძველებული ტექნოლოგიით, ვინაიდან მუდმივად იზრდება მომხმარებლის მოთხოვნილება მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და თანამედროვე სტანდარტებით წარმოებულ პროდუქციაზე. სახელმწიფოს ცენტრალურმა და ადგილობრივმა ორგანოებმა უნდა განაგრძონ მრავალფუნქციური ტექნიკის იმპორტის პროცესი და არსებული პარკის განახლების პოლიტიკის განხორციელება. პრიორიტეტულია გადამამუშავებელი საწარმოების გადაიარაღებისა და მშენებლობების სტიმულირება. აგროწარმოების გამოცოცხლება რეგიონში შემდეგ ინოვაციურ მიდგომებსა და ახალი მეთოდების დანერგვასთანაა დაკავშირებული: ხეხილის თანამედროვე სანერგე მეურნეობების მოწყობა-გაძლიერება და გაფართოება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და კონდიციური ხეხილის ნერგის წარმოებისთვის ხელშეწყობა; ხილის შესანახი თანამედროვე სასაწყობე მაცივრების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა თითოეული რაიონის სპეციფიკის გათვალისწინებით. ასევე მნიშვნელოვანია ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლება კიდევ უფრო მეტი მოკლევადიანი კურსების  შექმნის მეშვეობით. სათანადო წიგნების, ბროშურების, გაზეთების გამოცემა და სხვა სახის ინფორმაციით დახმარება. საერთაშორისო გამოფენებში ადგილობრივი მეხილე ფერმერების მონაწილეობა, პერსპექტიული, მაღალმოსავლიანი სხვადასხვა ჯიშის ხილის გაშენება შიდა ქართლის რაიონებში; ხეხილის ბაღებში თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემების მონტაჟი; თანამედროვე ორგანიზაციების და სხვა სუბიექტების მონაწილეობის გააქტიურება. 

დასკვნა

ამრიგად, ნაშრომში შევეცადეთ გადმოგვეცა შიდა ქართლის რეგიონში ეკონომიკის წამყვან დარგებში _ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობის ანალიზი. ხაზი გავუსვით იმ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, რომელთა არსებობის გამოც ფერხდება აღნიშნული დარგების განვითარება, და შევეცადეთ დაგვესახა ის აუცილებელი ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს რეგიონიში  მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას. საჭიროა აღინიშნოს ისიც, რომ შიდა ქართლის  ეკონომიკური  მდგომარეობა და ეკონომიკის ზრდაში არსებული პრობლემები რუსეთ-საქართველოს ომისა და ეკონომიკური  კრიზისის უშუალო შედეგია. მხარის განვითარების პერსპექტივა დიდად არის დამოკიდებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს  შორის პოლიტიკური  ურთიერთობების დარეგულირებაზე. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. არჩვაძე ი. 2010. ,,საქართველოს მოსახლეობის თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ზოგიერთი ასპექტი’’.

2. მესხია ი.,  გველესიანი გ. 2010, „რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა“

3. გორის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და განვითა¬რების გეგმა, 2011.

4. შიდა ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021.

5. ჭითანავა ნ., თაკალანძე ლ., 2008, სოციალური ეკონომიკა, ნაწ. ჳ., თბილისი, 596 გვ. 

6. ჯიბუტი მ., 2008, საქართველოს რეგიონული მოწყობის საკითხისათვის, შრომები.

7. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, თბილისი, სიახლე, გვ. 157-186.

8. http://www. GeoStat.Ge

9. gov.ge/files/275_38364_967251_136417.09.13–1.pdf

10. www.nplg.gov.ge/.../library.exe?

11. www.atsu.edu.ge/en/images/pdf/disertaciebi/disertacia_samchkuashvili%20nino.pdf

12. shidaqartli.blogspot.com/2009/04/blog-post_5241.html